მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების უმეტეს დროს სახლს გარეთ ვატარებთ, სახლი ყოველთვის სიმყუდროვესთან და სითბოსთან ასოცირდება. თუმცა, აქ დიდი "მაგრამ" უნდა დავსვათ, რადგან თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები აშკარად ვერ პასუხობს ამ მოთხოვნებს. ხშირია ჩვენს კომპანიაში მომართვიანობა მობინადრეების მხრიდან, რომლებიც წუხილს გამოთქვამენ ხმის იზოლაციის პრაქტიკულად არარსებობის გამო. და კითხვაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკვე დასრულებულ ბინაში, ჩვენი პასუხი სამწუხაროდ არც ისე იმედის მომცემია, რადგან ხმის იზოლაცია სრულდება შავი კარკასის ეტაპზე. დასრულებული რემონტის პირობებში ჩატარებული აკუსტიკური მანიპულაციების შედეგი მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველ ეტაპზე აკუსტიკური ჩარევის დროს იქნებოდა შესაძლებელი. ქვემოთ აღწერილია საცხოვრებელი ბინის ხმის იზოლაციის ტიპიური პრობლემები და მიმართულებები:
- იატაკის იმპაქტური იზოლაცია: იგი უზრუნველყოფს პირველ რიგში იმპაქტური ხმაურის იზოლაციას სართულებს შორის, როგორიცაა ზედა სართულის იატაკზე რაიმე ნივთის დავარდნა, სკამის/მაგიდის გაჩოჩება და ა.შ. იატაკის იზოლაცია ასევე უზრუნველყოფს ისეთი ხმების იზოლაციასაც, როგორიცაა ტელევიზორის ხმა, საუბარი, ბავშვის ტირილი და ა.შ.
- ბინებს შორის გამყოფი კედლების ხმის იზოლაცია: დეველოპერებს ხშირად არ სურთ სქელი კედლების გამოყენება, რადგან ამით მცირდება ბინის საერთო ფართობი და შესაბამისად რეალიზაციიდან მიღებული თანხაც. თუმცა პრობლემები ხმის იზოლაციაში სახეზეა. ჩვენ პრაქტიკაში გვხვდება ისეთი გამყოფი კედლები, რომლებიც მაქსიმუმ ბინაში ოთახებს შორის თუ იქნება დასაშვები.
- ჭერის იზოლაცია: როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იატაკის იზოლაციით შესაძლებელია გაუმჯობესდეს იმპაქტური იზოლაციასთან ერთად ხმის იზოლაციაც, თუმცა ხმის იზოლაციაში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვღებულობთ როდესაც ჭერის იზოლაციას ვაკეთებთ. ამ ნაწილშიც დილემას ვაწყდებით, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია, ჭერის სიმაღლემ დაიწიოს 7-13 სმ-ით თუ ხმის იზოლაციაზე ვთქვათ უარი?
- ფასადის ხმის იზოლაცია: ფასადის კედელი, ფანჯარა, ვიტრაჟი - ამ ნაწილში გათვალისწინებული ხმის იზოლაცია რადიკალურად აუმჯობესებს გარე ხმაურისგან დაცვას (განსაკუთრებით ღამით) და ზრდის თბოიზოლაციის ეფექტურობას.
- მთავარი შემოსასვლელი კარის ხმის იზოლაცია: ხშირია სიტუაცია, როდესაც სართულის კიბის უჯრედში წარმოქმნილი ხმაური მარტივად აღწევს ჩვენს საცხოვრებელ სივრცეებში. უფრო მეტიც, თუ გვერდით მეზობელთან სტუმარი კარზე აკაკუნებს, გვგონია რომ ჩვენს კარზე აკაკუნებენ.
- ლიფტის ხმის იზოლაცია: ლიფტის ხმაური განსაკუთრებით აწუხებთ ბოლო სართულის მაცხოვრებლებს, რადგან არ არის გათვალისწინებული ლიფტის სამანქანოში როგორც ხმის იზოლაცია, ისე ვიბროიზოლაცია.
- წყლის/კანალიზაციის მილების ხმის იზოლაცია: აღნიშნულის არგათვალისწინების გამო ხშირად გვსმენია კურიოზული სიტუაციები. მათ არ ჩამოვთვლით, თუმცა ყველაზე პრიმიტიულ სიტუაციაში მეზობელს ონკანი მოშვებული აქვს თუ არა მარტივად ვხვდებით.
უკვე ნათელია, თუ
რატომ არის მნიშვნელოვანი ხმის იზოლაციის გათვალისწინება სამშენებლო სამუშაოების ადრეულ ეტაპზე. ხოლო,
დასრულებულ ბინაში ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ერთის ან ორის განხორციელება ძალიან მცირე ეფექტს იძლევა და ეკონომიკურადაც დისკომფორტულია მობინადრეთათვის. უნდა ავღნიშნოთ, რომ იმ მინიმალური სტანდარტების მიღწევა, რაც აპრობირებულია განვითარებული ქვეყნების სამშენებლო სტანდარტებით, მიიღწევა მხოლოდ
კომპლექსური ხმის საიზოლაციო სამუშაოებით, სადაც იატაკი, ჭერი, კედლები, ფასადი, კომუნიკაციები იზოლირებულია.
გარდა ბინებს შორის ხმის იზოლაციის პრობლემისა, ასევე აქტუალურია ღამის საათებში გარედან შემოსული ხმაურის პრობლემა. ღამის ხმაური, ეს არის "ხილული ხანძარი", რომელზეც საზოგადოება მეტად რეაგირებს - ხმაური რომელიც გამოწვეული არის სხვადასხვა აგრეგატების, ჩილერების და გენერატორების მიერ. ღამის ხმაურის წყაროდ ხშირად გვევლინება რესტორნები და ღამის კლუბები. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით რიგი კითხვის ნიშნები არსებობს როგორც მობინადრეების, ისე კერძო თუ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, რასაც ჩვენი მხრიდან შევეცდებით ნათელი მოვფინოთ. გარე ხმაური მეტწილად პრობლემურია საღამოს და ღამის საათებში. 2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #398 დადგენილება არეგულირებს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე ხმაურის ნორმებს. უპირველესად უნდა განვმარტოთ ხმაურის შემდეგი ორი მეტად გავრცელებული ფორმა:
ა)
ტონალური ხმაური - ხმაური, რომლის სიხშირეთა დიაპაზონში გამოკვეთილია ერთი რომელიმე სიხშირე მეზობელ სიხშირესთან (სიხშირეთა ოქტავასთან) მიმართებაში 10 დეციბელით. ძირითადად ახასიათებს გარე ტექნიკურ მოწყობილობებს (ჩილერი, აგრეგატი, ნასოსი და ა.შ.). ასეტი ტიპის ხმაურის აზომვების დროს სიხშირეების დიაგრამა დაახლოებით ასე გამოიყურება:
როგორც ხედავთ, წითლად მონიშნულია ის სიხშირე რომელიც მეზობელ სიხშირეებს 10 დეციბელით და მეტით აღემატება. შესაბამისად აღნიშნული ხმაური არის ტონალური ხმაური.
ბ)
იმპულსური ხმაური - ხმაური ერთი ან რამოდენიმე ბგერითი სიგნალით, თითოეული 1 წამზე ნაკლები ხანგრძლივობით. ამასთან ბგერის დონეები განსხვავდება ერთმანეთისგან არანაკლებ 7 დეციბელით. მაგალითისთვის ელექტრონული მუსიკის ის ჟანრი, სადაც გამოკვეთილია დაბალ სიხშირეებში იმპულსები. მიუხედავად იმისა, რომ საქმე შეიძლება გვქონდეს მუსიკასთან რომელიც ერთის მხრივ განგრძობითი ხმაურია, დაბალ სიხშირეებში მისი იმპულსები როგორც წესი აღემატება 7 დეციბელზე მეტით სხვა მეზობელ მუსიკალურ სიხშირეებს. მაგალითისთვის ქვემოთ მოცემულია იმპულსური ხმაურის აზომვების სურათი:
აღნიშნულის იდენტიფიკაცია შესაძლებელია აზომვითი სამუშაოების შედეგების შემდგომი კომპიუტერული დამუშავებით და რთულია ამის 100%-ით განსაზღვრა აზომვების დროს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თუ ხმაურის აზომვების დროს დაფიქსირდა ტონალური ან/და იმპულსური ხმაური, ნორმატივად ითვლება #398-ე დადგენილებით განსაზღვრულ ცხრილში მითითებულ ნმნიშვნელობებზე 5 დეციბელით ნაკლები სიდიდე. როგორც წესი, ხმაურის აზომვების დროს ხდება საშუალო ექვივალენტური დონის გაზომვა, სიხშირეებში არსებული ხმაურის დონეების შეწონვა (სიხშირე) ხდება აზომვების ჩატარების ხანგრძლივობასთან (დრო).
ხმაურის სწორი აზომვები მნიშვნელოვანია, რათა შემდგომში ზუსტად განისაზღვროს შემდგომი აკუსტიკური და ხმის საიზოლაციო ღონისძიებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხმაურის ნორმირება და კანონის ფარგლებში მოქცევა გარანტირებულად. ასევე, აუცილებელია განმეორებით ჩატარდეს ხმაურის აზომვები ხმის საიზოლაციო და აკუსტიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ რათა დადგინდეს თუ რამდენად ეფექტური იყო იგი და მოხდა თუ არა ხმაურის დონის ნორმირება.
როგორც გარე ისე შიდა ხმაურის პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი შემდგომი მოგვარების სწორად წარმართვისათვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
ა) ხმაურის აზომვების ჩატარება დღე-ღამის იმ პერიოდში როდესაც ხდება ხმაურის წყაროს ფუნქციონირება/მოქმედებაში მოყვანა.
ბ) რეკომენდირებულია პირველადი ხმაურის აზომვების რამოდენიმე წერტილში ჩატარება.
გ) ხმაურის აზომვების დროს ხმაური უნდა აიზომოს როგორც ხმაურის წყაროსთან, ისე ხმაურის მიმღებთან.
დ) ხმაურის ზემოაღნიშნული დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები), ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, ფუნქციური (ფონური) ხმაური (მაგ., ჩართული მუსიკა, მომუშავეთა და ვიზიტორთა საუბარი) გათვალისწინებული არ არის.